• თბილისი
  • °C
  • 04 მარტი, 2021
article

ეს არის პირი, რომლითაც ივანიშვილი ხელისუფლებას არაფორმალურ დავალებებს აძლევს - როგორ მართავს მინისტრთა კაბინეტს ოლიგარქი?

ეს გიორგი გეგეჩკორია, ქართული ოცნების ყოფილი პრეს-სპიკერი, პირი, რომლის დახმარებითაც ივანიშვილი ხელისუფლების პირველ პირებს დავალებებს აძლევს - წერილობით. 

"პრესა.ჯიმ" გაარკვია რომ მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, მან ხელისუფლების მართვის კონსპირაციული გზა აირჩია. 

ქართული ოცნების ის ფრთა, რომელიც ღარიბაშვილის გაპრემიერებით უკმაყოფილოა, გვიყვება რომ ოლიგაქრი ახლა ყველაზე მეტად სწორედ გიორგი გეგეჩკორს ენდობა, რომელიც ამავე დროს, მისი პირადი თანაშემწის ფუნქციასაც ითავსებს. 

კერძოდ: ივანიშვილი გეგეჩკორს აძლევს ფურცელს, სადაც დავალება/ინსტრუქცია წერია. დასახელებულია ადრესატი და დრო. 

გეგეჩკორი დავალებას კითხულობს, შემდეგ კი, წერილში მოხსენიებულ ადრესატს (მინისტრს, სუსის უფროსს, პროკურორს და ა.შ) პირადად ნახულობს და ინსტრუქციის შინაარსს აცნობს.

ქართული ოცნების განაწყენებული ფრთის წარმომადგენლების თქმით, სწორედ ასე გასცა ივანიშვილმა 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის ბრძანება. 

მაგალითად: მან, ფურცელზე დაწერილი ბრძანება გეგეჩკორს გადასცა. გეგეჩკორი დავალებას გაეცნო და წერილში ნახსენებ ანზორ ჩუბინიძესა და გახარიას დაუკავშირდა... შედეგად, მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკად დარბევის ბრძანება გაიცა. 

სპეცრაზმმა მშვიდობიან ახალგაზრდებს დამიზნებით ესროლა დათვზე განკუთვნილი ტყვიები, რის გამოც 30-მდე ჟურნალისტი დაშავდა, ხოლო 2-ზე მეტმა მომიტინგემ თვალი დაკარგა.

მეტიც, სწორედ ამ სქემით გააცნო ივანიშვილმა ქართული ოცნების პირველ პირებს ნიკა მელიას დაპატიმრების ინსტრუქცია და გახარიას გადადგომის შემდეგ, ღარიბაშვილის გაპრემიერების გადაწყვეტილებაც, რამაც პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

ღარიბაშვილის გაპრემიერებით განსაკუთრებით ნაწყენი დარჩნენ ლაშა ნაცვლიშვილი, კობახიძე და კალაძე. ეს უკანასკნელი ხან პრეზიდენტობაზე ოცნებობს და ხანაც პრემიერობაზე, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ. ოლიგარქს აშკარად სხვა გეგმები აქვს.

გიორგი გეგეჩკორია შუამავალი მაშინაც, თუ რომელიმე გავლენიან ხელისუფალს ივანიშვილისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს გადასაცემი (ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ოლიგარქის პირადი ქონებრივ სიკეთეს, უსაფრთხოებასა თუ კომპრომატს)...

ასე რომ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, თუ პროკურატურა მსხვილი კორუფციული სქემების გახსნასა და არაფორმალური მმართველობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას გადაწყვეტს, სავარაუდოდ, გიორგი გეგეჩკორი “ოქროს მოწმე” იქნება, რომლის ჩვენებებმაც შესაძლოა, ბევრი რამ გახადოს ნათელი.