• თბილისი
  • 22°C
  • 27 ოქტომბერი, 2020
article

ნიკო ნიკოლაძე - საქართველოს ტექნიკური პროგრესის მამამთავარი

1928 წლის 5 აპრილს გარდაიცვალა დიდი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი და კრიტიკოსი ნიკო ნიკოლაძე. ნიკო ნიკოლაძის ქართველმა ხალხმა შეიყვარა, თუმცა, მისი დამსახურება ერის წინაშე, ჯერ კიდევ არ არის დაფასებული ჯეროვნად.

 

ნიკო ნიკოლაძესა და ილია ჭავჭავაძეს შორის, ერთხელ კინაღამ დუელი გაიმართა. ორივე, რა თქმა უნდა, სამშობლოსათვის ზრუნავდა. იმ პერიოდში რუსეთის იმპერატორმა ფული გამოყო. ამ სახსრებით ქართველებს რაც მოუნდებოდათ, ის უნდა გაკეთებულიყო. ილიას ქართული უნივერსიტეტის გახსნა მიაჩნდა უმთავრეს ამოცანად, ნიკო ნიკოლაძე თვლიდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა ჩამოყალიბებულიყო...

 

ნიკო ნიკოლაძე დაიბადა 1843 წლის 27 სექტემბერს ქუთაისში, იაკობ ნიკოლაძის ოჯახში. მამა ცნობილი მეწარმე და ვაჭარი გახლდათ. მათ ოჯახს ქუთაისში საწარმოები ჰქონდა. ხშირად უცხოეთიდან შემოჰქონდათ სხვადასხვა საქონელი, მათ შორის დანადგარები. ძველად საქართველოში ვაჭრობა სირცხვილად ითვლებოდა. ეს კი ეკონომიკის განვითარებას აფერხებდა. ჩვენს ქვეყანაში ვაჭრობდნენ მხოლოდ ებრაელები, სომხები. ნიკო ნიკოლაძის ბაბუა, ერთ-ერთი პირველი ყოფილა, ვინც ვაჭრობას მიჰყო ხელი.

 

გიმნაზია დაამთავრა 1860 წელს. იმავე წელს ჟურნალ “ცისკარში” გამოქვეყნდა მისი პირველი წერილები. 1861 წელს ჩაირიცხა სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. აქტიურ მონაწილეობას იღებდა სტუდენტების საპროტესტო გამოსვლებში, რის გამოც დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდან გარიცხეს. გატაცებული იყო სოციალური თანასწორობის იდეებით, მიზნად ჰქონდა დასახული არსებული რეჟიმის შეცვლა.

 

1862 წელს, ჟურნალ "ისკრაში" გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის მხატვრული ნარკვევი “პეტერბურგის მხარეზე”, რომელიც სტუდენტთა ცხოვრებას შეეხებოდა. პეტერბურგში ხელმძღვანელობდა გაზეთ “ნაროდნოე ბოგატსტვოს”. 1864 წელს ჟურნალ “სოვრემენიკში” გამოაქვეყნა ნარკვევი “პროვინციული სურათები”. სწავლის გასაგრძელებლად პარიზში გაემგზავრა. პარიზიდან თანამშრომლობდა გაზეთ “სანკტ-პეტერბურგის ვედომოსტში”. რუსმა მწერალმა, პუბლიცისტმა, ფილოსოფოსმა და რევოლუციონერმა ალექსანდრე გერცენმა მიიწვია გაზეთ “კოლოკოლში”, სადაც დაიბეჭდა მისი მნიშვნელოვანი წერილები: “გლეხთა განთავისუფლება საქართველოში”, “ჩვენი მომავალი ვექილები”, “მოსკოვსკიე ვედომოსტის” სამსჯავროს წინაშე”, “თბილისიდან”, “საქართველოდან” და სხვა.

 

გერცენთან და მის თანარედაქტორთან, ნიკოლოზ ოგარიოვთან წარმოშობილი უთანხმოების გამო შეწყვიტა “კოლოკოლში” თანამშრომლობა. კარლ მარქსმა ვერ დაითანხმა I ინტერნაციონალის წარმომადგენლობაზე კავკასიაში. 1866 წელს გამოსცა თავისი პირველი წიგნი “მთავრობა და ახალი თაობა”. იყო ჟურნალ “სოვრემენიკის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ცნობილი რუსი რევოლუციონერ-დემოკრატის, ფილოსოფოსის, პუბლიცისტისა და მწერლის, ნიკოლოზ ჩერნიშევსკის თხზულებათა პირველი ტომისა და რომანის: “რა ვაკეთოთ”, გამომცემელთაგანი (შესავალი წერილები მის მიერაა დაწერილი).

 

ნიკო ნიკოლაძე იყო პირველი ქართველი, რომელმაც დისეტაცია უცხო ენაზე დაიცვა. 1868 წელს დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტი და დაიცვა დისერტაცია თემაზე “განიარაღება და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები”, რომელიც ფრანგულ ენაზე გამოვიდა ცალკე წიგნად. ამ შრომისთვის მიენიჭა დოქტორის ხარისხი.

 

1870 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო მუშაობა გაზეთ “დროებაში”. 1871 წლიდან ხელმძღვანელობდა ჟურნალ “კრებულს”. აქვეყნებდა საპროგრამო წერილებს პოლიტიკისა და ლიტერატურის საკითხებზე, უცხოეთში აგვარებდა ტყიბულის ქვანახშირის საქმეებს. გამოსცემდა გაზეთ “ობზორს”. 1880 წელს ცარისტულმა რეჟიმმა გაზეთი დახურა და რედაქტორი სტავროპოლში გადაასახლა. ერთი წლის მერე, პეტერბურგში გამგზავრების ნება დართეს. თანამშრომლობდა “ოტეჩესტვენნიე ზაპისკში”, ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. 1886 წლიდან მეორე დასის ხელმძღვანელი გახლდათ. თანამშრომლობდა ჟურნალ “მოამბეში”.

 

ნიკო ნიკოლაძეს კარგად ესმოდა ფოთის მნიშვნელობა საქართველოსთვის. 1894 წელს აირჩიეს ქალაქ ფოთის თავად. ამ თანამდებობაზე თითქმის ორი ათეული წელი იმუშავა. მისი ხელმძღვანელობით მალე ჭაობიანი ფოთი დიდი პერსპექტივების ქალაქად იქცა. 1917 წლიდან ნიკო ნიკოლაძე იყო საქართველოს ეროვნული კრების, ხოლო 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი. მისი მონაწილეობით, დაარსდა ეროვნულ–დემოკრატიული პარტია. იყო პარტიის საპატიო თავმჯდომარე.

 

1920 წელს, ნიკოლაძე საზღვარგარეთ გაემგზავრა, როგორც ჭიათურის მანგანუმის საექსპორტო საზოგადოების დელეგაციის მეთაური. უცხოეთში გაიგო საქართველოს გასაბჭოების შესახებ და უმალ სამშობლოში დაბრუნდა.

 

ნიკო ნიკოლაძეს ჰქონდა იმ დროისათვის განსაცვიფრებელი, გაბედული გეგმები და პროექტები. გამოირჩეოდა საინჟინრო-ეკონომიკური აზროვნების სიღრმითა და ორიგინალურობით. ის გახლდათ ტექნიკური პროგრესის მამამთავარი საქართველოში. მისი მიგნებაა ელექტროენერგიის სადენებით გადაცემის შესაძლებლობა. მან დიდი ღვაწლი დასდო შავი ქვის და მადნების მოძიება-დამუშავებას, ფოთის ნავსადგურის აშენებას. მისი როლი ძალიან დიდია ქართული ლიტერატურის კრიტიკის განვითარებაში.

 

ნიკო ნიკოლაძემ, მილიონერ ინჟინერ პალაშკოვთან ერთად 1867-1874 წლებში ააგო თბილისი-ფოთის რკინიგზა, რომელიც პირველი იყო ამიერკავკასიაში. 1884-1886 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სურამის გვირაბის პროექტის დამუშავებასა და განხორციელებაში, რომლის დროსაც რკინაბეტონის დიდი სამუშაოები შესრულდა. 1885-1893 წლებში ნიკო ნიკოლაძემ თბილისის მუნიციპალურ მშენებლობაში დიდი როლი ითამაშა, მისი ხელმძღვანელობით აიგო ავჭალის წყალსადენი. ნიკო ნიკოლაძემ ხელი შეუწყო ცხენიანი ტრამვაის (“კონკის”) ორგანიზაციას, აბანოების რეკონსტრუქციას და ა. შ.

 

დიდი ქართველი ნიკო ნიკოლაძე გარდაიცვალა 1928 წელს, 85 წლის ასაკში. მადლიერმა ქართველმა ხალხმა მისი ნეშტი მთაწმინდის პანთეონს მიაბარა.


თეგები :