• თბილისი
  • 29°C
  • 26 მაისი, 2018
article

როდის გვეშველება? მაშინ, როცა...

ხომ გახსოვთ ის გახუნებული კითხვა, ბოლო ათეული წლებია რომ ვსვამთ: "გვეშველება რამე"?

არ გვეშველება, ვიდრე ქმრები ცოლებს სცემენ და ეს "ჩვენი საქმე არ არის",

არ გვეშველება, ვიდრე ვფიქრობთ რომ შავი ჯიპების თეთრით ჩანაცვლებით "იბერია გაბრწყინდება",

არ გვეშველება, ვიდრე საშუალო სტატისტიკური გამძღარი ჩინოვნიკის ხელფასი 20-ჯერ აღემატება პენსიონერის (რომელთა რიცხვი 694 ათასზე მეტია) შემოსავალს.

არ გვეშველება, ვიდრე ადამიანებს წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის, კანის ფერის... მიხედვით განვიკითხავთ,

არ გვეშველება, ვიდრე სხვისი წარმატება ჩვენი წარუმატებლობა გვგონია,

არ გვეშველება, ვიდრე ბანკების მიზანი არა ბიზნესის რეალური მხარდაჭერა, არამედ ბიზნესის ხელში ჩაგდებაა,

ა რ  გ ვ ე შ ვე ლ ე ბ ა, სანამ ჩვენს მიერ არჩეულ მთავრობას, მკაცრად და დეტალურად არ მოვთხოვთ დაპირებების შესრულებას,

არ გვეშველება, ვიდრე შვილებს სხვისი აზრის პატივისცემას არ ვასწავლით,

არ გვეშველება, სანამ ანტისაოკუპაციო მიტინგებზე რამდენიმე ათეული ადამიანი დგას და გრეგორი ლეპსის კონცერტი ანშლაგით მიმდინარეობს...

არ გვეშველება, ვიდრე პრეზიდენტი პირადი და ოჯახური ინტერესების მიხედვით იწყალებს "ბარიგებსა" და მკვლელებს, რომლებიც შეწყალების შემდეგ ისევ ხოცავენ ადამიანებს - ნარკოტიკითა და იარაღით...

არ გვეშველება, ვიდრე პრემიერი საჯაროდ აგინებს ოპოზიციას და ამის გამო პასუხისმგებლობის აღებას არ ვთხოვთ,

არა და არ გვეშველება, სანამ სახელმწიფო "მეწველი ძროხა" გვგონია და ჩვენს ნათესავ-მეგობრებს ვტენით სხვადასხვა საჯარო პოზიციებზე, 

იქამდე არ გვეშველება, ვიდრე იმედგაცრუებული და განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ღატაკი ქვეყნიდან უკანმოუხედავად გარბის, პირველივე შესაძლებლობისთანავე...

დიახ, არ გვეშველება, ვიდრე სკოლის პედაგოგი კვლავ გატაცებით უყვება მოსწავლეებს დიად კომუნიზმსა და "ძმურ" საბჭოეთზე,

არ გვეშველება, ვიდრე ერთი კაცის ახირების გამო ვკეტავთ გზებს, ვაჩერებთ მატარებელს, ვთიშავთ ელექტროენერგიას, ვქმნით საცობებს, ვანადგურებთ ბუნებას,

არ გვეშველება, ვიდრე ვერ გავიაზრებთ რომ თუ დახმარების ხელი დაგვჭირდება, ის ჩვენი მკლავის ბოლოშია, 

არ გვეშველება, ვიდრე ნათესავის, იღბლის, თეთრი რაშის, რაინდისა და ბედის გახსნის იმედით ვფლანგავთ წლებს,

არ გვეშველება, ვიდრე მღვდელი დადის გემით და მრევლი შიმშილობს,

არ გვეშველება, ვიდრე არ ვისწავლით ორ ჯადოსნურ სიტყვას: "მადლობა", "ბოდიში"...

არ გვეშველება, ვიდრე იმის გამო რომ უმუშევარი ვართ, არ გვაქვს ფული, ვიხრჩობით ვალებში... ყველა დამნაშავეა, საკუთარი თავის გარდა,

არ გვეშველება, ვიდრე ცოლის ადგილი სამზარეულოშია, ქმრის - რესტორანში,

დიახ, არ გვეშველება, ვიდრე ჩვენში და ჩვენთან არ იქნება მეტი ნატო და მეტი ევროპა,

არ გვეშველება, 

არ გვეშველება,

არ გვეშველება, ვიდრე არ ვისწავლით, არ ვიმოქმედებთ...

არ გვეშველება იქამდე, ვიდრე ჯერ ჩვენ არ შევიცვლებით და მერე ჩვენვე არ შევცვლით...

ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე

თეგები :